აქტუალური
საია საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს დარღვევებზე საუბრობს

1-Cugo-aqtuu1თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში; ასევე, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდ ბრიტანეთი.

პროცედურული დარღვევები, ძირითადად, ფიქსირდებოდა კენჭისყრის პროცესის დროს. კერძოდ: მარკირების პროცედურის გაუმართაობა; სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა; საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები, განსაკუთრებულად კი, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა არყოფნა საარჩევნო სიაში; კენჭისყრის უბნებზე ვიდეოგადაღების უკანონო შეზღუდვა; რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უკანონოდ გამოძევებას კენჭისყრის უბნიდან; სამოქალაქო პირთა რეგისტრირება სპეციალურ უბნებზე; სხვა პროცედურული დარღვევები (ხარვეზით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები; ბიულეტენების და კონვერტების არასაკმარისი რაოდენობა; ლუქის ერთიანობის დარღვევა და სხვა).

უშუალოდ ხმის დათვლის პროცედურებმა უმეტეს შემთხვევაში დარღვევების გარეშე და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია ხაშურის №35 საარჩევნო ოლქი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა რამდენიმე უბანზე და კანონდარღვევით ჩაერია ხმის დათვლის პროცედურაში. ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა ამ უბნებზე შედეგების ბათილობის საფუძველს, საიამ შესაბამისი საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას.

საიას დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს სულ 147 შენიშვნა/საჩივარი. აქედან:უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე 10 საჩივარი და 40 შენიშნვა; კენჭისყრის დაწყებიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 59 საჩივარი და 32 შენიშვნა; შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით – 6 საჩივარი.

ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი. საიას მიაჩნია, რომ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მანიპულაციებისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია შეჯამებული ოქმების შედეგები მაქსიმალურად ოპერატიულად ქვეყნდებოდეს ცესკოს ვებგვერდზე.