დავით ბაქრაძემ თავისი განცხადება საპარლამენტო არჩევნების შეფასებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა: „1 ოქტომბრის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული დემოკრატია შედგა. სწორედ ამიტომ დღეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის... ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შექმნა ქართული სახელმწიფო ქაოსიდან, სიბნელიდან და არაფრისგან“, – აღნიშნა მან და იქვე შეახსენა ოპონენტებს, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია შექმნას სამართლებრივი ვაკუუმი და ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩვენებამდე მიიყვანოს. ბაქრაძემ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში და განმარტა: „არაფერი არ უშლის ხელს სააკაშვილს, რომ წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა და თუ მას ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი და ექვს თვეში ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.თუმცა ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს“.
ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ მმართველ გუნდს ძალზე სერიოზულ ოპონირებასა და სკრუპულოზურ მონიტორინგს ჰპირდება. „არავის მოსვენებას და იმის საშუალება არ მივცემთ, რომ საქართველო დააბრუნოს წარსულში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნისათვის სასიკეთო საკითხებში ისინი ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ.
ამასთან, აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ივანიშვილს მისი ყოველი დაპირების შესრულებას მკაცრად გაუკონტროლებენ.