პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ სააკაშვილთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება

1-bizoMisa-poolii1თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მთავრობასთან მოსალაპარაკებლად სპეციალური ჯგუფი შექმნა. ჯგუფში შევიდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით დაუზუსტებელია მოლაპარაკებათა კონკრეტული საკითხები. ივანიშვილის თქმით, „საპარლამენტო უმრავლესობის კონტაქტები საქართველოს პრეზიდენტთან გარდაუვალია, რადგან  ბევრი საკითხია გადასაჭრელი“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკვე აღიარა მისი პარტიის დამარცხება არჩევნებში და განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის.

ახლა კი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. მინისტრთა ახალი კაბინეტი, ისევე, როგორც პრემიერის კანდიდატურა, უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას სააკაშვილის ოპონენტები წარმოადგენენ.

საგულისხმოა, რომ კონსტიტუცია საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, პრემიერი დამოუკიდებლად დანიშნოს და დაითხოვოს პარლამენტი, თუკი დეპუტატები სამჯერ უგულებელყოფენ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების კანდიდატურებს. თუმცაღა, სააკაშვილის თანამოაზრის – უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, განცხადებით, პრეზიდენტი არ აპირებს პროცესის გაჭიანურებას და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას დაეთანხმება.

„ქართული ოცნება“ პრემიერად, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს, თუმცა 2 ოქტომბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ უმჯობესია, სააკაშვილი ნებაყოფლობით გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რადგან მას „ბევრი პრობლემა“ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, იმპიჩმენტის პროცედურა იქნეს ორგანიზებული. თუმცა, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ტონი შეარბილა და ახლა ირწმუნება, რომ მისი უწინდელი განცხადებები  „ულტიმატუმს“ არ წარმოადგენდა და იგი მზადაა პრეზიდენტთან დიალოგისათვის.