„გაკეთებული გაცხადების შემდგომ მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, რომ დაწეროს განცხადება და წავიდეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
რუსული გამოცემა „ნიუს ტაიმის“ მთავარი რედაქტორის კითხვაზე, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კურსს და, უმთავრესად, კრემლის ელიტასთან ურთიერთობას ეხებოდა, ივანიშვილმა მიუგო, რომ შესაძლოა, პუტინმა მას თავადაც მიულოცოს გამარჯვება, ხოლო „ქართული ოცნება“, თავის მხრივ, კრემლთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდება.
„ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, რთული იქნება, რამდენიმე სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს, თუმცაღა, ჩვენი ქმედებითა და სწორი პოლიტიკით მისაღები უნდა ვიყოთ ყველა ჩვენი მეზობლისთვის და მათ რიცხვში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომელიც მისი პრემიერმინისტრობის საკითხს ეხებოდა, კოალიციის ლიდერმა განმარტა, რომ რაკიღა პარლამენტში მათ უმრავლესობა ეყოლებათ, ხოლო პრემიერ-მინისტრს სწორედ პარლამენტი ირჩევს, ამიტომ ამის პრობლემაც არ შეიქმნება.
„ქართული ოცნების“ ლიდერისავე განმარტებით, მომავალი მთავრობის წევრობის კანდიდატები მას ჯერ არ შეურჩევია. თუმცა, ვერც მერაბიშვილი და ვერცერთი სხვა მინისტრი მისი გუნდის წევრი ვერ გახდება.