სამართალი
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, 97 ადგილი მიიღოს

1-parl-samarTaaa3თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმები, რათა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდეს მანიპულაციებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციული სისტემით მათ, სულ ცოტა, ხმათა 63% მიიღეს და, აგრეთვე, გაიმარჯვეს, მინიმუმ, 42 მაჟორიტარულ ოლქში.

კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით საგანელიძის განცხადებით, ცესკო ძალიან ნელა აქვეყნებს შედეგებს. „სამწუხაროდ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ჯერჯერობით ეყრდნობა იმ ოლქებს, იმ უბნებს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ეს არის სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. შესაბამისად, ის მცირე განსხვავება, რომელიც ცესკოს მონაცემებშია ასახული, ამით არის გამოწვეული“, – განაცხადა საგანელიძემ.

„არა მგონია, რომ ეს შემთხვევითობაა, – აღნიშნა მან, – როგორც ჩანს, ცესკომ გადაწყვიტა, თავიდანვე მიაჩვიოს მოსახლეობა იმ აზრს, თითქოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი განსხვავება არ არის“.

ცნობისათვის: 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება ცესკომ 2 ოქტომბრის დილის 4 საათზე დაიწყო, შეფერხების მიზეზად კი კომისიის სერვერებზე განხორციელებული თავდასხმა დასახელდა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ცესკოს ბოლო მონაცემები 17:30-თვის ეყრდნობა საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 35,16%-ს. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 53,15%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 41,6% აქვს.

დღეს საგანელიძემ განაცხადა, რომ შემაჯამებელი ოქმების 93%-ზე დაყრდნობით, კოალიციის მიერ პროპორციული სისტემით 63%-ის მოპოვების და 42 მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატების გამარჯვების საკითხი ეჭვქვეშ არ დგას. თუმცა ორივე სისტემაში სადავო ხმებიც არსებობს. „თუ ეს დავები ჩვენთვის ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტით დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 დეპუტატიდან „ქართულ ოცნებას“ 47 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო პროპორციული სისტემით 65%-ს მიიღებს, რაც დაახლოებით 50 ადგილს შეადგენს. ოპტიმისტური გათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა 97 ადგილი მიიღოს, ხოლო პესიმისტურით – 90-91 ადგილი“, – განაცხადა საგანელიძემ.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ნელა გამოქვეყნების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ მოუწოდა ცესკოს, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული „სხვადასხვა სახის მანიპულაციები“. „პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ,“ – გადმოსცემს civil.ge.