რაც შეეხება ხაშურს, იმის შესახებ, რომ იქ ორ საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩაიშალა, საქინფორმი ჯერ კიდევ გუშინ იუწყებოდა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხმის მიცემის შედეგები გაუქმდება მე-3 და მე-10 საარჩევნო უბნებზე. ტელეკომპანია „მაესტრომ“ აჩვენა კადრები, თუ როგორ შევიდა ხაშურის რიგ საარჩევნო უბნებზე პოლიციის მუშაკთა ჯგუფი და სპეცრაზმი შემაჯამებელი ოქმების შედგენის დროს, რის შესახებაც საქინფორმმა მკითხველს ინფორმაცია დამკვირვებელთა შეტყობინებებზე დაყრდნობით მიაწოდა.
ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები შეაჯამებენ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
განცხადებას გააკეთებენ ეუთოს ხანმოკლე სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი ტონინო პიცულა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ასენ აგოვი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრიოცი და ეუთოს ხანგრძლივი მისიის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხების ბიუროს ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი.