აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ საკუთარ ხმებს დაიცავს

1-kukaa-aqtuaa1თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალ საქართველოს“ პრესცენტრი საქინფორმს ატრობინებს, პარტიას საკუთარი დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქებიდან. როგორც პარტიას მიაჩნია, „ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ტოტალურად აყალბებს არჩევნებს და ამ გაყალბების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სპეცუბნები და უმისამართო ამომრჩეველთა უბნები. შეგახსენებთ, რომ თბილისში და დანარჩენ საქართვლოში 40-ზე მეტი უმისამართო და 70 სპეცუბანია. საერთო ჯამში, ეს არის 100-ზე მეტი უბანი, სადაც ხდება თითოეულზე 1000-1000 ხმის მობილიზება, რაც საერთო ჯამში საკმაოდ დიდ რაოდენობას აღწევს“.

მიღებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ აცხადებს, რომ საღამოს 20:00 საათიდან „თავისუფალი საქართველო“ შეუერთდება ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც შეიკრიბებიან თბილისის ქუჩებში და შეეცდებიან პარტიის მიერ მიღებული ხმების დაცვას თბილისსა და საქართველოს ყველა ქალაქის ქუჩებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა სპეცუბნებისა და უმისამართო ამომრჩეველთა უბნებისა, ყველგან, სადაც კი ოპოზიცია შეეცადა, რეალურად წინააღმდეგობა გაეწია გაყალბების ტექნოლოგიებისათვის, ადგილი აქვს პირდაპირ ძალადობას. ხაშურის საარჩევნო ოლქში, სადაც ლიდერობდა „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, ყოველი მეხუთე უბნიდან გამოაძევეს პარტიის წარმომადგენელი.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ დაგვიჭირა მხარი, და იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებით არიან დაინტერესებულნი, გავერთიანდეთ ერთი მიზნისათვის და ერთი ამოცანისათვის – ეს არის საქართველო, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.