საზოგადოება
აჭარა: ნაციონალები – 47,8%, „ქართული ოცნება“ – 44,9%

1-aWara-sazogadoo1თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმდინარე მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პროპორციული სისტემით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს ხმათა 47,8%-ით.

ჯერჯერობით ითვლიან 4 ოლქის 86 საარჩევნო უბნის ხმებს (სულ აჭარის ტერიტორიაზე 6 საარჩევნო ოლქია).

საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ ხმების 44,9% მიიღო.

ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 4,3%-მა, ლეიბორისტულ პარტიას – 1,4%-მა, „ახალ მემარჯვენეებს“ – 0,9%-მა.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა კიდევ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა, რომელიც თბილისის გლდანის რაიონში იყრიდა კენჭს. მან გამარჯვება მიულოცა კონკურენტს – ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ კანდიდატ სოსო ჯაჭვლიანს. ამ უკანასკნელმა ამ საქციელს ვაჟკაცური უწოდა.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარეს, აგრეთვე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არჩილ გეგენავამ და გიორგი კარბელაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდის რაიონში არჩილ გეგენავამ კონკურენტს – „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს – გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.