„ხაშურის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. კერძოდ, 46-ე უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გააძევეს და ახალი შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს, რომელშიც გამარჯვება მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიეწერა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა იმავე ოლქის მე-19 უბანზეც, სადაც დამკვირებლები ძალის გამოყენებით გამოაძევეს უბნიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ ხაშურის საარჩევნო ოლქის, სულ მცირე, ხუთ საარჩევნო უბანში სპეცრაზმელები შეიჭრნენ, საარჩევნო ბიულეტენები გაიტანეს და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.
ტელევიზიების მონაცემებით, ყველაზე დაძაბული სიტუაცია მე-3 საარჩევნო უბანზე შეიქმნა. ამტკიცებენ, რომ იქ შემაჯამებელი ოქმი თავიდან დაიწერა, ხოლო სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავიდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გამოაქვს სპეცდანიშნულების რაზმს №3 საარჩევნო უბნიდან, სავარაუდოდ, ბიულეტენები, და ამ დროს სროლის ხმა ისმის.