პოლიტიკა
საქართველოს ცესკო: „ქართული ოცნება“ ლიდერობს

1-cesko-poliitika1თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნების შედეგების შესახებ პირველი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღამით გამოაქვეყნა, თუმცა 1 საათით დააგვიანა. ზოგი წყაროს მიხედვით, ცესკოს სერვერებმა ჰაკერების თავდასხმა განიცადა, ამიტომ ხმების დათვლა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე იგეგმებოდა.

დილის 11 საათისთვის, საარჩევნო ოლქების 18,48%-ის მონაცემთა დამუშავების შედეგებით, საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით ხმათა 53,34% დააგროვა. პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 41,56% აქვს. ბლოკ „გიორგი თარაგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 2,19%-მა, ლეიბორისტულ პარტიას – 1,32%-მა, „ახალ მემარჯვენეებს“ – 0,48%-მა.

ამჟამად 3766 უბნიდან დათვლილია 693-ის მონაცემები.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დათვლის პირველი შედეგებით, რომლებიც გუშინ, ღამით, საქინფორმმა გამოაქვეყნა, ოპოზიციურ კოალიციასა და მმართველ პარტიას შორის განსხვავება უფრო დიდი იყო: პირველმა 57,13% მიიღო, მეორემ – 38,14%.

გერმანული კომპანია „GfK“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა თანაბარი რაოდენობა – 33-33% დააგროვეს, ქრისტიან დემოკრატებმა – 2%, სხვა პარტიებმა – 1%, ამომრჩეველთა 30%-მა კვლევის შეკითხვას არ უპასუხა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ კომპანია GfK ეგზიტპოლს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაკვეთით ატარებდა.

ცესკო საპარალმენტო არჩევნების შედეგების მონაცემებს ბიულეტენების დამუშავების კვალდაკვალ რეალური დროის რეჟიმში აქვეყნებს საიტზე. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო მონაცემთა გამოქვეყნება მაჟორიტარული ოლქებიდანაც.

224 ოლქის (5,95%) ოქმების დათვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ მცირე განსხვავებით ლიდერობს მაჟორიტარულ ოლქებშიც. პროპორციული სისტემით ბლოკმა 56,14% დააგროვა (51 ათასი ხმა), მაჟორიტარულ ოლქებში მისი წარმომადგენლები ამ დროისთვის 73-დან 26 ოლქში ლიდერობენ.

22 ოლქის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროპორციული სისტემით ჯერჯერობით 39,36% (35,8 ათასი ხმა) აქვს. ერთმანდატიან ოლქებში მისი წარმომადგენლები 25 ოლქში ლიდერობენ.

ამ მომენტისთვის თბილისის 10 ოლქიდან წარმოდგენილია 7-ის წინასწარი მონაცემები. ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. სამგორის, ჩუღურეთის და დიდუბის მონაცემები ჯერ არ შემოსულა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლიდერობენ ერთმანდატიან ოლქებში ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ბორჯომში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები კონკურენტებს უსწრებენ ზუგდიდში, ლაგოდეხში, ახალციხეში.