სამართალი
ეგზიტპოლებმა „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება აჩვენა!

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 20:30 საათისათვის გამოცხადებული ოთხივე ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 63%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27%, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმა მისცა 1 პროცენტმა, დანარჩენ პარტიებს – 3-მა პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 6-მა პროცენტმა. ეს არის კომპანიების – „Penn Schoen Berland“-ისა და „Oxford“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემები, რომლებიც ხმის მიცემის დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ტელეარხმა „მაესტრომ“.

კომპანია „Barceló & Company“-ს მონაცემებით, რომლის ეგზიტპოლი „საქართველოს ამომრჩეველთა ლიგამ“ დაუკვეთა (ლიდერი – კოკა გუნცაძე), 70, 24 პროცენტმა მხარი დაუჭირა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“, 24,66 პროცენტმა – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დანარჩენმა პარტიებმა 5,9 პროცენტი მიიღეს, ხოლო 1,45 პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

კომპანია „Edisson Research“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, რომლებიც ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნეს, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“ 51% აქვს, „საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 41%, „ქრისტიან-დემოკრატებს“ – 4%, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 1%.

კომპანია „GFK“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, რომლებიც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამოქვეყნდა, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“ 35% აქვს, „საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 30%, „ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას“ – 1.36%, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 0.7% (სად წავიდა დანარჩენი 33% – უცნობია...).

მაშ ასე, 2012 წლის 1 ოქტომბერს, 20 საათზე, საქართველოში დასრულდა ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებზე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დამთავრდება კამათი, დისკუსიები, საპროტესტო აქციები. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 2012 წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა თბილისის სხვადასხვა უბანში დიდი მონიტორების დამონტაჟება ეგზიტპოლების შედეგების დემონსტრაციისათვის. მოსალოდნელია ადამიანთა დიდი რაოდენობის თავმოყრა, და ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის საიტზე ქვეყნის ქვეშევრდომებს ურჩევს, მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარების ადგილებს თავი აარიდონ. კერძოდ, ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ის მოქალაქეებს  აფრთხილებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციის თაობაზე, რომელიც ამ საღამოს თავისუფლების მოედანზე იგეგმება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მითითებულია, რომ აქციის მონაწილეთა რიცხვმა შესაძლოა, ასობით ათასს მიაღწიოს.

ცნობისათვის: ხმების პარალელური დათვლის მონაცემები  გამოქვეყნდება რეგიონებიდან მათი მოწოდების კვალდაკვალ ყოველ საათში ერთხელ, დაწყებული 21 საათიდან.

საქინფორმი ულოცავს საქართველოს ყველა მცხოვრებს, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს და, აგრეთვე, ბიძინა ივანიშვილს „ბიძინობას“!