სამართალი
არჩევნები: გაყალბება სრული სვლით მიმდინარეობს (№11)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, თბილისში სხვადასხვა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები აღურიცხავი საარჩევნო ბიულეტენებითა და სიებით. ფანჯიკიძემ კონკრეტული უბნები დაასახელა, სადაც დარღვევები ხდება. მათ შორის №17 საარჩევნო უბანი ყაზბეგის მოედანზე და №22 – საბურთალოს რაიონში. მისი თქმით, დიღმის მასივში №147 საჯარო სკოლაში, სადაც №43 საარჩევნო უბანია განლაგებული, უცნობი პირები მწვანე ბუკლეტებს არიგებენ. მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს აცნობეს, აგრეთვე, რომ მესამე ოლქში, №46 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი ბიულეტენის გარეშე ცდილობდა ხმის მიცემას.

ქუთაისის №85 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 25 წუთით შეჩერდა იმის გამო, რომ საარჩევნო ყუთში ხელმოუწერელი ბიულეტენები აღმოჩნდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინე სალუქვაძის თქმით, ეს მისი ბრალია – უბრალოდ, ხელის მოწერა დამავიწყდაო...

უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმის მისაცემად მისული მოქალაქეები ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ფირუზ ბენიძეს შეეჩეხნენ. ამომრჩეველთა თქმით, უბნის მახლობლად იმყოფებოდნენ ნაციონალების კოორდინატორები, რომლებიც ბიულეტენში ციფრი „5“-ის შემოხაზვისკენ მოუწოდებდნენ.

ქუთაისის №119 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის გამო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსი დგას, საიდანაც ნაციონალთა აქტივისტი ქალები „კარუსელს“ ატრიალებენ. კერძოდ, ისინი ამომრჩევლებს წინასწარ შევსებულ ბიულეტენებს აძლევენ, უბნიდან კი ცარიელი ბიულეტენები გამოაქვთ.

როგორც ივარაუდებოდა, ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლებს შესთავაზეს კალმისტრები „საიდუმლო მელნით“, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ქრება. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დარღვევები საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილ უბნებზეც ხდება. მისი თქმით, 33-ე საარჩევნო უბანზე ერევანში „ღია“ ბეჭდები იყო. „ამავე უბანზე საელჩოს თანამშრომელი ზეწოლას ახდენდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თამთა ვაშაძეზე“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

დარღვევები დაფიქსირდა კიევშიც. 35-ე საარჩევნო უბანზე 200-მდე ამომრჩეველმა, რომლებმაც საკონსულოში აღრიცხვა გაიარეს, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი გვარები ვერ აღმოაჩინა. ანალოგიური სიტუაციაა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – იქ 29-ე და 30-ე უბნებზე 140 ამომრჩეველი სიაში არ ირიცხება.