აქტუალური
არჩევნები: პანკისში საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებზე დოსიე აღმოაჩინეს (№8)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იუწყება, №5 საარჩევნო უბანზე პანკისის ხეობის სოფელ დუისში აღმოჩენილია საქართველოს შსს-ის მონაცემთა დახურული ბაზის ელექტრონული დოკუმენტები.

დამკვირვებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ გელა მთივლიშვილმა ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში 22 დოკუმენტის წაღება შეძლო. დოკუმენტები, რომლებშიც ამომრჩევლების შესახებ სრული ინფორმაციაა წარმოდგენილი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ შალვა წათიაშვილს და კომისიის ერთ-ერთ წევრს ჰქონდათ. ტელეარხ „მაესტროს“ კამერამ დააფიქსირა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რამდენიმე ასეული ასეთი დოკუმენტი ჰქონდათ.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ამ დოკუმენტების გადაღება მოახერხეს, საარჩევნო უბანზე მყოფმა ერთ-ერთმა ნაციონალმა –სოფელ დუისის რწმუნებულმა მერაბ ქავთარაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს ბრალი დასდო, რომ ეს დოკუმენტები პროვოკაციის მიზნით შენობაში თავად ჟურნალისტებმა შეიტანეს (?!).

საქართველოს შსს-ის თანამშრომელმა ზურაბ უძილაურმა დაადასტურა, რომ ეს დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა დახურული ბაზიდანაა ამოღებული და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებისთვის არის მისაწვდომი (!).

საქართველოს ცესკოს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ციხეებში 12 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლება 2852 პატიმარს აქვს. თუმცა კადრს მიღმა რჩება – ხმის მიცემა იქ ფარულად მიმდინარეობს თუ ზედამხედველის თანდასწრებით? ეს უკანასკნელი გამორიცხული არ არის, რამდენადაც, „ევრაზიის ინსტიტუტის“ განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.