თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმის №7 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი უკვე ასობით ადამიანმა დააფიქსირა. თუმცა ამისი გაკეთება ყველამ ვერ შეძლო, რადგან ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი გვარები ვერ აღმოაჩინეს. იგივე ხდება საქართველოს და მისი დედაქალაქის სხვა საარჩევნო უბნებზეც. სხვათაშორის, გუშინ „ამომრჩეველთა ლიგამ“ განაცხადა, რომ „ცხელ ხაზზე“ შემოვიდა ზარების დიდი რაოდენობა ამომრჩევლებისგან, რომლებიც საკუთარ საარჩევნო უბნებში არ ირიცხებიან.
გარდა ამისა, №30 საარჩევნო უბანზე ბათუმში 476 ბიულეტენის ნაკლებობა დაფიქსირდა. დამკვირვებელი იუწყება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი საჩივრის მომზადება ცესკოში შესატანად.ამასთან, საქინფორმის რედაქციაში დარეკა აბესაძის ქუჩის პირველი ჩიხის №5-ში მცხოვრებმა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ კრწანისის №3 საარჩევნო უბნის სიებში „მკვდარი სულები“ – დიდი ხნის გარდაცვლილები ან საზღვარგარეთ ემიგრირებულები ირიცხებიან.
მიუხედავად იმისა, რომ 15 საათისთვის დამკვირვებლები მთლიანობაში დადებითად აფასებენ საარჩევნო პროცესს ქვეყანაში, მაინც ადგილი აქვს სხვადასხვა სახის დარღვევებს.
მაგალითად, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი ფოთში დაფიქსირებულ დარღვევებზე ლაპარაკობს. მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ქალაქ ფოთის №70 საარჩევნო ოლქში №18 და №12 საარჩევნო უბნებთან დღეს დილის 9 საათიდან მობილიზებული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც აგიტაციას ატარებდნენ და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფოთის 14 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობას, რაც, პრესსპიკერის აზრით, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების საბაბი გახდეს.
„ზოგიერთ ადგილას დაფიქსირდა მარკირების პროცესთან დაკავშირებული პრობლემა. კოალიციის დამკვირვებელთა ინფორმაციით, მე-11 საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე დატანისთანავე ქრება, რაც ხმის მიცემის შეჩერების საბაბია“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
სხვათაშორის, ანალოგიური სიტუაციაა თბილისში, მე-18 საარჩევნო უბანზე, სადაც მარკირების სითხის ნაცვლად ჩვეულებრივ წყალს იყენებენ!
„ფოთის 70-ე საარჩევნო უბანზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებიც გაუგებარ ქმედებებს სჩადიოდნენ. საოლქო კომისიის წევრებმა ეს გააპროტესტეს, განცხადება დაწერეს და პოლიცია გამოიძახეს“, – აღნიშნა კოალიციის პრესსპიკერმა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსული ინფორმაციით, გრძელდება ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ქუთაისში კი მრავალ საარჩევნო უბანზე გაქანებული ტრიალებს „კარუსელი“ – არჩევნების გაყალბების ძველი, ნაცადი მეთოდი...