საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნები – ხმა მისცეს პატრიარქმა, პრემიერმა, მერმა, და დარღვევები კახეთში (№5)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის გამზირზე მდებარე №4 საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ბრძანა: „დღეს ისტორული დღეა და ისტორიული არჩევნებია. არსებობს სამი დიდი სიწმინდე – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. მე მივეცი ხმა იმათ, რომელნიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავენ ამ უდიდეს ფასეულობებს. იმედი მაქვს, რომ საქართველო დადგება განვითარების გზაზე და, ამავე დროს, შეინარჩუნებს თავის დიდ ტრადიციებს. უფალი დაგვიცავს!“

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხმა მისცა საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას“.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კომენტარი გააკეთა. თბილისში კოჯრის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე, სადაც მისმა მეუღლემ – ეკატერინა ხვედელიძემ, მისცა ხმა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს ისტორიული დღეა, საქართველოში ხელისუფლება პირველად შეიცვლება არჩევნების გზით!“

თბილისის მერ გიგი უგულავას ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის გამო რიგში დგომაც კი მოუხდა. №15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი უნდა გახდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ხალხი არჩევანს განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს, იმის სასარგებლოდ, რომ თბილისსა და საქართველოში იყოს მეტი დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს, ეტაპობრივად, მაგრამ მაინც აღმოიფხვრას. ეს ქართველი ხალხის ნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ამ ნებას აღასრულებს“.

როგორც ახლახან აცნობეს საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“, კახეთის რეგიონის სოფელ ყარაჯალაში არჩევნების ტოტალური გაყალბება მიმდინარეობს. თელავის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის – გიორგი მოსიაშვილის, განცხადებით, სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ №39 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება. თავად გიორგი მოსიაშვილი, რომელსაც აქვს, აგრეთვე, დამკვირვებლის მოწმობა, არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე და განუმარტეს, რომ მაჟორიტარი კანდიდატი ერთდროულად ვერ იქნებოდა დაშვებული დამკვირვებლის რანგში. საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს კაბინაში ხმის მიცემის პროცედურის დროს ორი და მეტი პირის ყოფნას ერთდროულად. ამის შესახებ გიორგი მოსიაშვილი პარტიას აწვდის ფოტომასალას, სადაც ასახულია ხმის მიცემის დროს ზემოაღნიშნული ფაქტები.