თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 11 საათისთვის: შემოვიდა პირველი ინფორმაციები ხმის მიცემის პროცესში დარღვევების შესახებ: მარტვილის რაიონში გადასატანი საარჩევნო ყუთი მოიპარეს; საქართველოს მასშტაბით 20 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების არასაკმარისი რაოდენობაა; ე.წ. სომხური კარუსელის ფაქტი ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე – გორში, დაფიქსირდა.
ამომრჩეველთა აქტიურობა არ იკლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიას დაძაბულობა შეჰმატა ორმა გუშინდელმა მოვლენამ. პირველი – „ქართული ოცნების“ ლიდერების – ზვიად ძიძიგურის, გოგი თოფაძისა და დავით საგანელიძის – გუშინდელი შეხვედრის წინ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კოალიციის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო ცესკოს შენობის უკან მდებარე შენობამ, რომელიც ცესკოს საიდუმლო გვირაბით უკავშირდება, აგრეთვე, უამრავმა უცნობი დანიშნულების კაბელმა ამ ორ შენობას შორის. ოპოზიციონერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ საიდუმლო დერეფანი უშუალოდ არჩევნების დღეს შესაძლოა, სხვადასხვა მიზნით იქნეს გამოყენებული – მაგალითად, ცესკოში დამატებითი ყალბი საარჩევნო ურნების შესატანად ანდა, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, შენობაში შსს-ის სპეცრაზმის შესაყვანად. თავად ხარატიშვილი ამტკიცებს, რომ არც საიდუმლო დერეფნის, არც კაბელების შესახებ არაფერი იცის და აუცილებლად გაარკვევს.მაგრამ მთავარია გუშინდელი ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა: გუშინ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში საცხოვრებელი სახლის საძინებლიდან დაუდგენელ ვითარებაში გაქრა 10 თვის ბარბარე რაფალიანი – „ქართული ოცნების“ კოორდინატორის დისშვილი, რომელიც ერთი საათის შემდეგ მარანში წყლით ნახევრად სავსე ქვევრში აღმოაჩინეს. ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დეიდა იხსენებს, რომ მას არაერთხელ დაემუქრნენ შვილების მოტაცებითა და მოკვლით ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მანანა ბერიკაშვილს, ასევე, არ ეპარება ეჭვი, რომ ეს მმართველმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ჩაიდინა და გურჯაანში მათ მაჟორიტარს, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს გიორგი ღვინიაშვილს სდებს ბრალს.
ცნობისათვის: ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ ბავშვის დაღუპვის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და ის უმოკლეს ვადაში გაიხსნება.