პოლიტიკა
არჩევნებმა სტარტი აიღო (№1)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუსტად დილის 8 საათზე საქართველოში 73 საარჩევნო ოლქში 3 719 საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელშიც 14 პარტია და 2 პოლიტიკური ბლოკი მონაწილეობენ. ამჟამად დაფიქსირებულია 2 დარღვევა: მთაწმინდის №19 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, ხოლო ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების არასაკმარისი  რაოდენობა აღმოჩნდა.

ამომრჩეველთა აქტიურობა უპრეცედენტოა, ბევრი მოქალაქე ეგზიტპოლებშიც სიამოვნებით მონაწილეობს. უპრეცედენტოა დამკვირვებელთა რაოდენობაც: 60 ათასი ადგილობრივი და 1 400 საერთაშორისო მონიტორი.

ელექტორული პროცესის გასაშუქებლად ცესკოში რეგისტრაცია გაიარა 2 700-მა უცხოელმა და ადგილობრივმა ჟურნალისტმა.

ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს „ცხელი ხაზი“ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51, ხოლო ინტერნეტში – ონლაინ-ჩათი და ონლაინ-ოპერატორი.

თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა უკვე მოიხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: „მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო გაიმარჯვებს!“, – თქვა სახელმწიფოს მეთაურმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას.

საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: პატივცემულო მკითხველებო! საქინფორმის კოლექტივმა – ჟურნალისტებმა, ტექპერსონალმა და მთავარმა რედაქტორმა – ასევე, გააკეთა თავისი არჩევანი საარჩევნო უბნების გახსნისთანავე. ჩვენ მუშაობას შევუდექით და დღის განმავლობაში დაწვრილებით გაცნობებთ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.