პოლიტიკა
მერაბიშვილი: „რუსეთთან შეერთებული საქართველო რუსეთის ღარიბი გუბერნია იქნება“

1-politika3თბილისი. 28 სექტემბერი, საქინფორმი. რა ცოდვები აღარ დააბრალა ხელისუფლებამ ოპოზიციას, როგორი იარლიყები აღარ ჩამოჰკიდა! ჯერ არ მიწყნარებულა მღელვარება ოპოზიციის კრიმინალური კავშირების გამო, რომ ახალი ბრალდება გაისმა – ოპოზიციონერებს სურთ, საქართველო რუსეთის ღარიბ გუბერნიად გადააქციონ.

ამგვარი განცხადება თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა: ცდებიან ის ქართველი პოლიტიკოსები, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთთან მეგობრობა და საქართველოს მიერთება რუსეთის ფედერაციასთან სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, განაცხადა მან და დასძინა, – რუსეთთან შეერთებული საქართველო რუსეთის ღარიბი გუბერნია იქნება“.

ოპოზიციური პარტიების რეაქციას არ დაუყოვნებია. ბევრმა მათგანმა ამგვარ მტკიცებებს აბსურდული და ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მიმართული უწოდა. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, არცერთი მათგანი არ იბრძვის საქართველოს რუსეთთან მისაერთებლად.

სხვა საქმეა, რომ ოპოზიციონერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესების საფუძველზე, რასაც ქვეყნის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ  ვერ მიაღწია. ხელისუფლებამ არ გამოიყენა ადრე არსებული შესაძლებლობები რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად, ახლა კი ამგვარი განცხადებებით ცდილობს თავისი შეცდომების გამართლებას, – ამტკიცებენ ოპონენტები.