აქტუალური
გოგა ხაინდრავა დაჰკითხეს და გამოუშვეს

1-goga-aqtuuu2თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ ლიდერის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ხაინდრავას თქმით, მან სამართალდამცველთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

„მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ტერორი და პოლიციას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალების დავალებით მოქმედებენ. სააკაშვილის ტერორისტული მთავრობა ძალიან მალე დამთავრდება და მალე შვებით ამოვისუნთქავთ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ვფიქრობ, რომ საკითხი მთლიანად დამთავრებულია, – განაცხადა ხაინდრავამ.

გოგას ძმის – ივლიანე ხაინდრავას, აზრით, „თეთრი ძაფებით ნაკერი“ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, უბრალოდ, ხელისუფლების შურისძიებაა გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ბოლო ფილმის გამო. „დემოკრატიის შუქურა“ არის ფილმი ხელისუფლების სახელმწიფო ტერორზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა მან, – მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორი „დემოკრატიის შუქურაა“ სააკაშვილი!“

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა საფრანგეთიდან მიღებული მასალა, რომელიც თითქოსდა მოწმობს ხაინდრავას მონაწილეობას შეთქმულებაში საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით, რამაც საფრანგეთის ჟანდარმერიის აღშფოთება გამოიწვია.