საზოგადოება
პატრიარქს სტუდენტების ქმედებები მოსწონს

1-saz-relig2თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით – გაათავისუფლონ ტუბერკულოზით და შიდსით დაავადებული პატიმრები. უწმიდესმა იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელშიც სასულიერო პირებიც შევლენ.

ილია მეორემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ სტუდენტების ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან მოსაწონია, რადგან ეს ერის სულიერების მაგალითია.

ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა სტუდენტობამ გამოიჩინა ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ. ეს ძალიან მოსაწონია იმიტომ, რომ ეს არის მაგალითი ჩვენი სულიერებისა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ ასეთი უმსგავსობა, რომელსაც აჩვენებენ ტელევიზიით, მოითმინოს“, – ბრძანა პატრიარქმა.

„არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთვის, რომ ასეთი ამბები მოდის და თქვენ რას უყურებთ, როგორ უყურებთ ამას. ყოვლად დაუშვებელია. ადამიანი ისედაც დასჯილია, პატიმრობაშია და კიდევ შეურაცხყოფენ მას, მის ღირსებას. მე მიმტკიცებდნენ – არავითარი ასეთი შეურაცხყოფა არ არისო, მაგრამ სინამდვილეში ყოფილა“, – აღნიშნა ილია მეორემ.