თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი გუნდის წევრთა ფარული ვიდეო- და სატელეფონო ჩანაწერები ნაყალბევია. მისი აზრით, ისინი იმისთვის ვრცელდება, რომ ბოლო დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი ფაქტებიდან მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ.
„ის, რაც ჩვენ ვნახეთ – მთელმა მსოფლიომ ნახა, და ყველას წინაშე შევრცხვით... წამებაზე, რომელმაც საქართველოს ციხეებში სისტემური ხასიათი შეიძინა, თქვენ ვერცერთ ქვეყანაში ვერ გაიგონებთ!“ – აღნიშნა ივანიშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბრისას. „ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერი იაფფასიანი ინფორმაცია გაავრცელოს და კომპრომატები შეთითხნოს, რომლებიც არავის აინტერესებს და მათ მხოლოდ რამდენიმე ტელეარხი ავრცელებს“, – დასძინა მან.
გავრცელებული აუდიომასალის კომენტირებისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის წევრი, უბრალოდ, დააშინეს და რომ მას არასოდეს დაუვალებია დაცვისთვის „ქართული ოცნების“ წევრთა საუბრების მოსმენა და ჩაწერა.