პოლიტიკა
ნატოს კონტინგენტი საქართველოში არჩევნების ბოლომდე დარჩება?!

1-POLIT-MTთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. იმის შესახებ, რომ საქართველოში ნატოს საერთაშორისო სწავლება ჩატარდება კოდური სახელწოდებით „საქართველო 2012“, საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა. ჩვენ გაცნობეთ სწავლების ვადები (2012 წლის 22-დან 28 სექტემბრის ჩათვლით), მიზანი (სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამომუშავება და ამგვარ სიტუაციებში ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება); ისიც, რომ მასში 30 ქვეყნის 11 გუნდი მონაწილეობს (მანევრებში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები და ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ანალოგიური სამსახურების წარმომადგენლები), ხოლო მონიტორინგს 13 ქვეყნის 60 დამკვირვებელი აწარმოებდა.

საქინფორმი სწავლების სცენარზეც წერდა: თბილისის შემოგარენში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დიდ მსხვერპლს და ძირითადი ინფრასტრუქტურის ნგრევას გამოიწვევს, მოხდება ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების დაღვრა და რადიაციის გამოტყორცნა, მაგრამ მაშველები ყველაფერს იღონებენ ადამიანების გადასარჩენად.

მაგრამ ამით ჩვენი ინფორმაცია ნატოს სწავლებაზე ამოიწურა: დღეს არ არსებობს არანაირი ცნობა არც შსს-დან, არც თავდაცვის სამინისტროდან, მაგალითად – რით დამთავრდა საქართველოში ნატოს სწავლება? როგორ აითვისეს ჩვენმა ბიჭებმა ნატოს კონტინგენტის გამოცდილება, ტაქტიკა და სტრატეგია სტიქიასთან ბრძოლაში და შეგვიძლია თუ არა სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმის დროს მათი დახმარების იმედი გვქონდეს? ნატოს ინსტრუქტორები ქართველი მაშველების მომზადების დონით კმაყოფილი დარჩნენ? უცნაურია, ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, ვიამაყოთ საკუთარი სამხედრო-ოპერატიული მიღწევებით!

და როდესაც ჩინოვნიკები რაღაცას მალავენ, „თეთრი ლაქა“ მყისვე შეივსება ვერსიებითა და ჰიპოთეზებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოხდა.

ქართველმა საზოგადოებამ შეკითხვების დასმა დაიწყო, კერძოდ: „რატომ ითხოვდნენ რუსეთის სამხედრო სწავლება “კავკასია 2012“-გან სრულ გამჭვირვალობას, ჩვენი სწავლება კი საგულდაგულოდ არის შენიღბული?“; „რატომ ატარებენ მათ ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ?“ და ა.შ.

და მთავარი შეკითხვა, რომელიც, როგორც მკითხველი თავად მიხვდება, სულაც არ არის ამაო: „გაემგზავრებიან თუ არა დღეს ჩვენი სტუმრები – ნატოს კონტინგენტი და მათი ინსტრუქტორები, სწავლება ხომ დამთავრდა?“.

საქმე ისაა, რომ ვრცელდება შეუმოწმებელი ხმები, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს სთხოვა, ნატოს კონტინგენტი საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე დაეტოვებინა. აქ უკვე ახალი შეკითხვა იბადება: „რა მიზნით?“. ნუთუ სწორედ 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, თბილისში მოსალოდნელია ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, რომლებიც დიდ მსხვერპლს და ძირითადი ინფრასტრუქტურის ნგრევას, ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციის გამოტყორცნას გამოიწვევს?! უცებ  არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა სტიქიური მიტინგი რომ წარმოიშვას, მაშველებს კი სტიქიურ უბედურებად მოეჩვენოთ? მაშინ რა მოხდება?

ან იქნებ ნატოს კონტინგენტი იმისთვის რჩება, რომ არჩევნებზე კატასტროფისგან რომელიმე პოლიტიკური ძალა გადაარჩინოს? რომელი?! ალბათ, „ქართული ოცნება“ არა...

1-POLIT1 1-POLIT2
1-POLIT3 1-POLIT4
1-POLIT5 1-POLIT6