ჩატარებულ გამოკითხვას ვუწოდებთ „ქართულ გამოკითხვას“, რადგან, გასხვავებით საქართველოში ჩატარებული ყველა სხვა გამოკითხვისაგან, ევრაზიის ინსტიტუტის გამოკვლევა არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც საერთაშორისო „დონორების“ - სხვადასხვა ორიენტაციის უცხოური ორგანიზაციების დაკვეთის პროდუქტს. იგივე ეხება ჩვენი ინსტიტუტის გამოკითხვის დაფინანსებასაც - საველე სამუშაოები ენთუზიასტების მიერ იქნა ჩატარებული, ძირითადად, სოციოლოგიური პროფილის სტუდენტების მიერ, რომლებიც დათანხმდნენ, სამუშაო შეესრულებინათ მხოლოდ მიმდინარე ხარჯების ანაზღაურების (მაგ., ტრანსპორტი) სანაცვლოდ, რაც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და წევრების პირადი შემოწირულობებით იქნა უზრუნველყოფილი. ეს ხარჯები მინიმალური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სტუდენტი-ინტერვიუერი ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ჩატარდა გამოკითხვები. კვლევაზე მთლიან ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგიური სამსახურის უფროსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მეტრეველი და ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე. საველე სამუშაოების ორგანიზებაში, გამოკითხვის მეთოდიკის გამომუშავებასა და მიღებული შედეგების ანალიზში დახმარება აღმოგვიჩინეს კოლეგებმა - სოციოლოგებმა, პოლიტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა - საქართველოს საუკეთესო სპეციალისტებმა. სწორედ ამიტომ, ჩატარებული გამოკითხვა თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკურიკური ძალის, ასევე უცხოური ორგანიზაციების გავლენისგან, ანუ წარმოადგენს წმინდა წყლის ქართულ გამოკითხვას.
გამოკითხვა ანონიმური იყო. რესპონდენტებს კითხვები ესმებოდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის სახელით, მხოლოდ და მხოლოდ ბინაზე, აღნიშვნებისგან თავისუფალი ანკეტების შევსების გზით. რესპონდენტთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპს ეფუძნებოდა, მათი ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად. დაცულ იქნა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის პარიტეტი. იმ რეგიონებისა და დასახლებული პუნქტების მდებარეობა, რომლებშიც გამოკითხვა ჩატარდა, ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო პრაქტიკის კონტექსტში რელევანტურ ეთნო-დემოგრაფიულ თავისებურებებს.
კვლევის ობიექტს შემდეგი თემები წარმოადგენდა:
1. პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, პირველ ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ;
2. მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი არჩევნის აქტიურად დასაცავად;
3. მოსახლეობის წარმოდგენა ნატო-ს შესახებ და ამ ორგანიზაციისადმი მისი დამოკიდებულება.
პირველი ორი თემა მჭიდროდ არის ურთიერთდამოკიდებული, მაგრამ მესამე თემაც, გარდა იმისა, რომ მას აქვს ძალზე დიდი თავისთავადი მნიშვნელობა, შეიძლება, გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ელექტორატის აღწერისათვის, მომავალი არჩევნების კონტექსტში შესაბამისი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობით.
1 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც შერეულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და პარლამენტს სანახევროდ ერთმანდატიანი (მაჟორიტარული) სისტემით არჩეული დეპუტატებით აკომპლექტებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კითხვას, მისცემენ თუ არა ამომრჩევლები ხმას იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც, შესაძლოა, არ წარმოადგენენ მოცემული ამომრჩევლებისთვის სასურველ პარტიას, რომელსაც ისინი პროპორციულ სიებში აძლევენ ხმას. ამიტომ რესპონდენტებს ესმებოდათ მ.შ. შემდეგი კითხვაც (მესამე ნომრით): „მისცემთ თუ არა აუცილებლად ხმას იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელ პარტიასაც უნდა მისცეთ ხმა?“
მოქალაქეთა მზადყოფნა, აქტიურად დაიცვან საკუთარი არჩევანი და უშუალოდ არჩევნების შემდგომ შესაძლო ქუჩის აქციების პოტენციალი შემოწმდა ანკეტაში მოცემული მე-5 შეკითხვის მეშვეობით: „იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტია გამოაცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, (მიტინგი, მანიფესტაცია, გაფიცვა, სხვა)?“
ნატო-ს საკითხს რაც შეეხება, ევრაზიის ინსტიტუტის გამოკითხვა საქართველოსთვის უნიკალურია, რადგან ანკეტაში წარმოდგენილი შეკითხვები, ასეთი კომბინირებითა და რიგითობით ჯერ არასოდეს დასმულა ქართველი რესპონდენტების წინაშე.
(შედეგების ნუსხა იხ. წინამდებარე მოხსენების ბოლოს, მიმაგრებულ ფაილში.)
კომენტარი:
პირველი, რაც თვალშისაცემია, ესაა ჯერ კიდევ მერყევ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ჯერ არ გადაუწყვიტავთ, ვის მისცემენ ხმას. ძალზე ძნელია, მოეძებნოს ანალოგი ფაქტს, რომელიც საქართველოშია - არსად, დანიშნულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მერყევ ამომრჩეველთა რიცხვი ახლოსაც არ დგას მაჩვენებელთან, რომელიც ჩვენს მიერ საქართველოში იქნა დაფიქსირებული (44.5%). ჩვენ უმალ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ამ „გაურკვეველი“ კატეგორიის რესპონდენტთა ძირითადი მასა სინამდვილეში თავს არიდებს პირდაპირ პასუხს, თუ რომელი პარტიისთვის აპირებს ხმის მიცემას. თუმცა ჩვენი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კატეგორიიდან უმრავლესობა სინამდვილეში გარკვეულია თავის არჩევანში, მაგრამ მალავს ამას, ირიბად დასტურდება „გაურკვეველ“ რესპონდენთა მიერ სხვა, კერძოდ, ნატო-ს თემაზე გაცემული პასუხებით. ეს პასუხები მიუთითებს იმას, რომ აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ამომრჩევლები ძირითადად ოპოზიციის, და არა ხელისუფლების პოტენციური მომხრეები არიან. ასე მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ძირითადად მიიჩევენ, რომ საქართველოსა და ნატო-ს ინტერესები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს (67%), ისინი დადებითად უყურებენ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებასაც (40 პროცენტი 28 პროცენტი საწინააღმდეგო აზრის და 32 პროცენტის, ვისაც პასუხის გაცემა უჭირს ამ კითხვაზე, წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების რიგებიდან). „გაურკვეველთა“ პასუხები, პირიქით, მეტწილად ემთხვევა „ქართული ოცნების“ მომხრეთა პასუხებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს და ნატო-ს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა (53% - „არ ემთხვევა“ 10% „ემთხვევა“-ს და 36% „მიჭირს პასუხის გაცემა“-ს წინააღმდეგ - „ქართული ოცნების“ მომხრეები; 25% - „არ ემთხვევა“, 29% „ემთხვევა“ და 44% - "მიჭირს პასუხის გაცემა" – "გაურკვევლები"; 67%-"ემთხვევა", 8%-"არ ემთხვევა", 25%-"მიჭირს პასუხის გაცემა" – „ნაცმოძრაობის“ მომხრეები).
კიდევ უფრო აშკარაა თანხვედრა „ქართული ოცნების“ მომხრეთა და „გაურკვეველთა“ შორის საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზების განთავსების პერსპექტივასთან მიმართებაში („ოცნების“ მომხრეთა 58% მიიჩნევს, რომ ნატო-ს სამხედრო ბაზები საქართველოში არასასურველია, 34%-ს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 8 პროცენტია ამის მომხრე; „გაურკვეველთა“ შორის შეკითხვების იმავე რიგითობით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: 29% - 49% - 19%) და განსაკუთრებით, ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში - ავღანეთსა და კოსოვოში ქართველი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით („ოცნების“ მომხრეთა 88% ამის წინააღმდეგია, 8%-ს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 4% ემხრობა; „გაურკვევლები“: 62% - წინააღმდეგია, 25%-ს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 11% არ არის წინააღმდეგი, თუკი ქართველ ჯარისკაცებს გააგზავნიან მსოფლიოს „ცხელ წერტილებში“. შედარებისათვის: „ნაცმოძრაობის“ მომხრეთაგან ისევ და ისევ 40% ემხრობა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას ავღანეთისა და სხვა კამპანიებში, 32%-ს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 28%-ია წინააღმდეგი, თუმცა თუ ამ ბოლო ციფრებს განყენებულად განვიხილავთ, გამოდის, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანურ და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვა კამპანიებში არც თუ ისე პოპულარულია თვით ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეებს შორისაც-კი).
პირობითად „ანტინატოური“ ელექტორატი ჰყავთ აგრეთვე პარტიებს „თავისუფალი საქართველო“, „ლეიბორისტები“ და „ქართული დასი“, მაგრამ იმ რესპონდენტების მიზერული რაოდენობის გამო, ვინც მათი მხარდაჭერა ღიად გამოხატა, არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ამომრჩეველთა „გაურკვეველი“ კატეგორია მნიშვნელოვანწილად ამ პარტიების ფარული მომხრეებისგან შედგება. ამიტომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ „გაურკვეველ“ ამომრჩეველთა ძირითადი მასა მომავალ არჩევნებზე ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მართლაც მერყევ ამომრჩეველთა პროცენტი რეალურად ვერ გადააჭარბებს 20%-ს - ამას გვიჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა. ხოლო დანარჩენი ხმები ძირითადად „ქართულ ოცნებას“ მიუვა. ამის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ფორმალური უპირატესობა აქვს „ნაციონალების“ წინაშე („ოცნების“ 24.5% „ნაციონალების“ 23.0%-ის წინააღმდეგ, მთელი საქართველოს შედეგების მიხედვით), არამედ გადამწყვეტ უპირატესობას ფლობს.
„ქართული ოცნების“, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დახასიათებისას, შეიძლება აღინიშნოს მათი კონსოლიდაციის მაღალი დონე როგორც თავიანთი პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერის („ოცნების“ მომხრეთა 84% და „ნაციონალების“ მომხრეთა 87% აცხადებს, რომ ერთმანდატიან არჩევნებზე მხარს აუცილებლად სწორედ ამ პარტიების კანდიდატებს დაუჭერენ), ისე ქუჩის საპროტესტო აქციებში საკუთარი არჩევნის დაცვის თვალსაზრისით (თეორიულად „ნაციონალებსაც“ შეუძლიათ, მოუწოდონ საკუთარ მომხრეებს, გამოვიდნენ დემონსტრაციებსა და მიტინგებზე, საამისო მზადყოფნას გამოხატავს „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა 30%, ხოლო „ოცნების“ მომხრეების რიგებიდან სულაც 57% არის მზად, მიიღოს მონაწილეობა ქუჩის საპროტესტო აქციებში, თუკი მათი პარტიის ლიდერებისგან ასეთი მოწოდება გაკეთდება).
სამაგიეროდ, „გაურკვევლებს“, შეგვიძლია, შედარებით პასიური ამომრჩევლები ვუწოდოთ. მათი რიცხვიდან მხოლოდ 15% აცხადებს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო ღონისძიებებში, ხოლო 26%-ს უჭირს ამაზე პასუხის გაცემა (სამაგიეროდ, 58% აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, რომ არ გავა ქუჩაში). თუმცა მთლიანობაში 44% „გაურკვევლიდან“ 15% რაოდენობრივად საკმაოდ მაღალ ციფრს აღნიშნავს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ აშკარა მხარდამჭერებთან ერთად. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ „ქართული ოცნების“ მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს ქალაქების ქუჩებში მთლიანობაში გამოვა მრავალი ათეული ათასი, თუ ასეული ათასი ადამიანი არა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ძირითადად სახელმწიფო მოხელეებისაგან შედგება (45% მოხელეებისა „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს), მოსახლეობის სხვა ფენებში მმართველი პარტიის ასეთი აშკარა მხარდაჭერა არ შეინიშნება. ყველა სხვა სოციალური კატეგორია (თვითდასაქმებულები, პენსიონრები, უმუშევრები, ვიზნესმენები) უმნიშვნელო უპირატესობით უჭერენ მხარს ან მმართველ პარტიას ან ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“.
მთლიანობაში, არჩევნებზე მოსალოდნელია მოსახლეობის მაღალი აქტიურობა. ჩვენი გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეთა 88%-მა გამოთქვა სურვილი, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე წავიდეს (რამდენიმე ასეული ადამიანის უარი ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე სულაც არ მოწმობს იმას, რომ ეს ადამიანები არ მივლენ არჩევნებზე, თუმცა ნაწილობრივ ესეც არის შესაძლებელი).
* * *
ნატო-ს პოპულარობა საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, აშკარად დაეცა. კომბინირებული კითხვები ზოგიერთ საინტერესო მომენტს ააშკარავებს - თუკი რესპონდეტებს ზოგად შეკითხვებს ვუსვამთ ნატო-ზე, მათი წარმოდგენები საკმაოდ პოზიტიურია (მაგალითად, შეკითხვაზე, ნატო თავდაცვითი კავშირია თუ აგრესიული ბლოკი, 52% ფიქრობს, რომ იგი თავდაცვითი კავშირია, 34%-ს პასუხის გაცემა უჭირს, და მხოლოდ 12% ამბობს, რომ ნატო „აგრესიული სამხედრო ბლოკია“). მაგრამ რაც უფრო მჭიდროდ დავაკავშირებთ ნატო-ს ქართულ რეალიებთან და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, მით უფრო ნეგატიური ხდება პასუხები: 33% - მხოლოდ უმნიშვნელო უმრავლესობა - მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, სამაგიეროდ, 32 პროცენტი 25 პროცენტ მომხრისა და 42 პროცენტ შეკითხვაზე პასუხის არმქონე რესპონდენტის წინააღმდეგ ფიქრობს, რომ ნატო-ს სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი იქნება. „ცხელ წერტლებში“, როგორებიცაა, მაგალითად, ავღანეთი და ერაყი, ნატო-ს ეგიდით ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 16%, ხოლო 60% ამის წინააღმდეგია. მაგრამ ნატო-სთვის აბსოლუტურად „გამანადგურებელი“ შედეგია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის პრიორიტეტი - გამოკითხულთა 83% უპირატესობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიანიჭებს ნატო-ში წევრობის საწინააღმდეგოდ, თუკი ასეთი დილემა წარმოიშობა (რაც, დავძენთ, სავსებით რეალურია). ამასთან, ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორისაა - მათგან მხოლოდ 73% ანიჭებს უპირატესობას ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო-ში წევრობასთან შედარებით.
ლევან მეტრეველი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი
გულბაათ რცხილაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი