პოლიტიკა
კომპრომატების ომი მწვავდება

1-xaindrava-ppolitik3თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, რეჟისორი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხაინდრავა გუშინ ღამით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თხოვნით საფრანგეთის ჟანდარმერიამ გამოგზავნა მასალა, რომელზეც დაფიქსირებულია ხაინდრავას შეხვედრა ქართველ “კანონიერ ქურდებთან“ ქალაქ კრესელში, სადაც განიხილეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის და “მხედრიონის“ ტიპის შეიარაღებული ფორმირების შექმნის გეგმები. “ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ხაინდრავა კანონიერ ქურდებს საქართველოში დაბრუნებას და ქვეყანაში გავლენის აღდგენას დაჰპირდა“, - განაცხადა ზოდელავამ.

საქართველოს პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ “კანონიერი ქურდების დახმარება ოპოზიციისთვის რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: მათ შეუძლიათ “დაარწმუნონ“ ქართული დიასპორა, არჩევნებზე მხარი ოპოზიციას დაუჭიროს, აგრეთვე დაეხმარონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მიაღწევს“, თუმცა საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბრით თარიღდება, მსგავსს არაფერს იუწყება.

ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში გოგა ხაინდრავამ დაადასტურა, რომ საფრანგეთში რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან ის მისი მეგობარია. მან დასძინა, აგრეთვე, რომ ახსნა-განმარტებას მოსთხოვს საფრანგეთის ელჩს და დღესვე გაუგზავნის მას წერილს.

კომპრომატების ომი მწვავდება. გაგრძელება იქნება...