ამ დროს მიხეილ სააკაშვილი გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველო „დემოკრატიული სახელმწიფოს ნიმუშად“ იქცა, დამნაშავეობისა და კორუფციის დაბალი დონით.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანტონ ჯამაძე მოუწოდებს, სააკაშვილის სიტყვები არ დაიჯერონ. „ბოლო რვა წლის განმავლობაში ეს ბანდიტი, რომელსაც შიშში ჰყავს საკუთარი ხალხი, ტყუილებს ამბობს და მისი დაჯერება მხოლოდ სულელს შეუძლია. იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა იციან, რას სჩადის ეს ადამიანი, მშვენივრად ესმით, რა საფრთხეს წარმოადგენს ის“, – განაცხადა მან. მისი თქმით, გაერომ, თეთრმა სახლმა და პენტაგონმა „იციან, ვისთან აქვთ საქმე, მაგრამ ამ მომენტში თვალებს ხუჭავენ... რატომ აკეთებენ ამას, საკითხავია“, – დასძინა მან.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გაერომ, თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და პირადად ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმა შეწყვიტონ იმ ადამიანის ლოლიაობა, რომელმაც თავისი ქვეყანა დაღუპა და ომი დაიწყო რუსეთთან, რომლის ხალხთან ჩვენ დიდი ხნის კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ პრეზიდენტს“, – განაცხადა ანტონ ჯამაძემ. „ჩვენ მეგობრული ხალხი ვართ, და ეს ყველამ იცის – ევროპამაც და ამერიკამაც. სააკაშვილი კი ურცხვად ცდილობს, ხალხი რუსეთის წინააღმდეგ წავიდეს“, – დასძინა მან.
ჯამაძემ შეახსენა, რომ საქართველოსა და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე იმართება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები სააკაშვილის წინააღმდეგ, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი მათი მასშტაბები გაიზრდება. „ყველა დემონსტრაცია მშვიდობიანია – ხალხს არ უნდა, რომ ისევ დაიღვაროს სისხლი, მაგრამ სააკაშვილმა უნდა გაიგოს: ჩვენ უკან არ დავიხევთ, სასწორზე ქართველი ხალხის თავისუფლება, მისი მომავალი და ღირსება დევს“, – თქვა ჯამაძემ. მან თანამემამულეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. „თუ პროტესტი შეჯახებებში და, კიდევ უარესი, არეულობაში გადაიზრდება, სააკაშვილს საბაბი მიეცემა, საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს და არჩევნების გადადებას მიაღწიოს“, – განმარტა აქციის ორგანიზატორმა.
საქინფორმისგან: სააკაშვილის გამოსვლის დროს დარბაზი თითქმის ცარიელი იყო და მაღალ ოფიციალურ პირებთან მის შეხვედრებზე მედია არაფერს იუწყება...