აქტუალური
წერილი რედაქციას: „ორმა მილიონმა ქართველმა არ იცის, ვის მისცეს ხმა...“

1-aktual1თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში სრული სვლით მიმდინარეობს. მოთამაშეებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ აგიტაციისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის. პარტიებისა და ბლოკების ლიდერთა განცხადებები სულ უფრო ხისტი ხდება. ბევრი ამომრჩეველი კი დღემდე ვერ გარკვეულა თავის არჩევანში. ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, შეკითხვაზე  – „ვის მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს“, ამომრჩეველთა 22%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა, ხოლო რესპონდენტთა 21%-მა საერთოდ უარი თქვა პასუხზე. თუ ამ გაშუალებულ მონაცემებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გადავიტანთ, გამოვა, რომ დაახლოებით ორმა მილიონმა ქართველმა ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას. ეს ბევრია.

პრინციპში, მათი გაგება, ვინც ჯერ ვერ გაერკვია, ვის მისცეს ხმა, ძალიან ადვილია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე ყველას  თავი მოაბეზრა დაპირებებით. წინა არჩევნებამდე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას დაგვპირდნენ – არ დაგვიბრუნეს; ნატოში ვერ შევედით, მიუხედავად იმისა, რომ ბეჯითად ვაგზავნით ჯარისკაცებს ავღანეთში; უმუშევრობა ვერ დავამარცხეთ; დემოკრატიასა და თავისუფლებაზე უკვე სიტყვასაც აღარავინ ამბობს – აზრი არა აქვს. არადა, ყველა ეს პუნქტი ხომ ეგრეთ წოდებულ ხალხთან ხელშეკრულებაში შედიოდა, რომელიც სააკაშვილის პარტიამ გასული საპარლამენტო არჩევნების წინ გააფორმა.

ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“, მასთან მიერთებულ ალასანიასა და ძიძიგურთან ერთად, ოპოზიციურად ითვლება და ქართველებს „ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების“ მრავალწლიანი ოცნების განხორციელებას ჰპირდება. მათ ლოზუნგებსაც, რა თქმა უნდა, პოპულისტური ხასიათი აქვს, მაგრამ მათთვის საყვედურის თქმა იმის გამო, რომ დაგვპირდნენ და არ შეასრულეს, არ გამოდის – პარტია მხოლოდ წელს გამოჩნდა. ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ახალბედაა, ამიტომ ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა ის მომავალში.

ცხადია, რომ სააკაშვილს არჩევნებზე ივანიშვილის გამარჯვების ეშინია და გამუდმებით კვანტს უდებს: ხან მოქალაქეობა აქვს შეუფერებელი, ხან ბიზნესს ისე არ აწარმოებს, ხან მისი ფული საეჭვო წარმომავლობისაა. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილი რეგულარულად აფინანსებდა საქართველოში სოციალური და კულტურული პროექტების უზარმაზარ რაოდენობას, მისი ფულის წარმომავლობა კი დიდად არავის აღელვებდა. ამ დღეებში გაიმართა ივანიშვილის შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან ჯონ მაკეინის ხელმძღვანელობით, სადაც ბიზნესმენმა თავისი ბოლო რუსული აქტივის ამერიკული კორპორაციისათვის მიყიდვის შესახებ განაცხადა და რუს ბიზნესმენებთან ყოველგვარი საქმიანი კავშირი უარყო.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებზე სხვა მოთამაშეებს – ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ევროპელ ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით – შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისინი მმართველ პარტიას და „მეოცნებეებს“ სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევენ. ამასთან დაკავშირებით, თარგამაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი „პოლიტიკურ ტირანოზავრებად“ გადაიქცნენ და დებატებზე ნათელაშვილის რამდენადმე კომიკური გამოხტომები მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პიარად გამოიყურება.

ექსპერტთა აზრით, მომავალი არჩევნები „დემოკრატიულობის ტესტი“ გახდება, რადგან პოლიტიკისგან შორსმდგომი ადამიანებისთვისაც კი გასაგებია, რომ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პრეტენზია აქვს, არჩევნებში ზედიზედ რამდენჯერმე ერთი და იმავე პარტიის გამარჯვება, სულ ცოტა, უცნაური იქნება. საქართველო ხომ არც ჩინეთია და არც ჩრდილოეთ კორეა, სადაც საჭე ათწლეულობით კომუნისტებს უპყრიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან ევროპასა და აშშ-ში, მმართველი პარტია, როგორც ჩანს, ხმის მიცემის პროცესში მასშტაბურ გაყალბებასა და დამახინჯებებზე წავა. ახლა საქართველოს ბედი მრავალი წლით წყდება, და თუ ეს ორი მილიონი ქართველი სწორ არჩევანს არ გააკეთებს, ჩვენ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის და, შედეგად, კონსტრუქციული პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების შანსს დავკარგავთ. ჩვენ სულ ოთხმილიონ-ნახევარი ვართ და 1 ოქტომბერს თითოეული ადამიანის ხმა შესაძლოა, მთელი ქვეყნისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

 

საქინფორმის მკითხველი გიორგი კობახიძე, თავისუფალი ავტორი