სამართალი
ხელისუფლების დადგმული სერიალები

1-miSapicturs-samarT3თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტმა დააანონსა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციული და გაყალბებული ჩანაწერების გავრცელებას შეუდგა, – აცხადებს ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პრესსამსახური ოპოზიციის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მოსყიდვის თაობაზე შსს-ის ვიდეოჩანაწერებისა და ინფორმაციის კომენტირებისას.

„ჩვენ შეგნებულად ვიკავებთ თავს დეტალების შეფასებისგან, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. მთავრობა ყალბი სერიალების შექმნით არის დაკავებული, რომელთა გაგრძელება, სავარაუდოდ, მრავალგზის ნანახი სცენარის გამეორება იქნება. სიცრუე და ძალადობა იყო და დარჩება სააკაშვილის მთავრობის მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის ბლოკი მიიჩნევს, რომ ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილს 1 ოქტომბრის არჩევნები დაუსვამს, როდესაც ქართველი ხალხი ბოლოს მოუღებს ძალადობრივ რეჟიმს და ქვეყანაში წესრიგსა და სამართლიანობას დაამყარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია პოლიციის თანამშრომელთა მოსყიდვის ფაქტების შესახებ და აჩვენა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მავანნი სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიციელებს გარკვეული დავალებების შესრულებას სთავაზობენ. ამასთან, ისინი ხშირად ახსენებენ ყოვლისშემძლე „ბიძინას“, რომელიც ყველაფერს გადაიხდის და ყველაფერს გადაწყვეტს.