თბილისი. 25 სექტემბერი, საქინფორმი. ორშაბათს თბილისში ახალი ძალით იფეთქა სტუდენტთა მრავალათასიანმა აქციებმა, რომლებიც მიმართულია ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე ძალადობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა წინააღმდეგ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტების მასობრივი მანიფესტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობისაკენ გაემართა, სადაც მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. რაკი ადრე მას სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ეკავა, აქციის მონაწილეებს საფუძველი აქვთ, იფიქრონ, რომ ის იმ სისასტიკის ატმოსფეროს თანამონაწილეა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სუფევდა ქართულ ციხეებში. აქციის მონაწილეებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები შეუერთდნენ.საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ მანიფესტანტებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რათა სოლიდარობა გამოეხატათ იქ მოშიმშილე სტუდენტებისათვის და კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი მოთხოვნა - პასუხისგებაში იქნენ მიცემული და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავენი. პირველ რიგში - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მისი ძმა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დათა ახალაია, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
დაღამებისას ფილარმონიასთან ინციდენტი მოხდა - პოლიცია რატომღაც მომიტინგეებთან სასულიერო პირებს არ უშვებდა.
ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, ახალგაზრდების მასობრივი საპროტესტო აქციები ქუთაისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს.