საზოგადოება
საქართველოს ფარგლებს გარეთ 45 საარჩევნო უბანია გახსნილი

1-ucxoet-sazogaaa3თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, 42 613 ემიგრანტი შეძლებს, ხმა მისცეს 45 საარჩევნო უბანზე, რომლებიც საზღვარგარეთ გაიხსნა.

საბერძნეთში ოთხი უბანია გახსნილი, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს: ორ-ორი უბანი ათენსა და სალონიკში. ემიგრანტები ხმის მიცემას შეძლებენ, აგრეთვე, უკრაინის სამ ქალაქში, აშშ-ისა და ესპანეთის ორ ქალაქში.

აღვნიშნავთ, რომ ქართველების ყველაზე დიდი რაოდენობა, ლამის ქვეყნის მესამედი, დღეს რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ იქ არცერთი საარჩევნო უბანი არ არის. დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რუსეთის ტერიტორიაზე უბნები არ გაეხსნა. ეს ბუნდოვანი „ტექნიკური პრობლემებით“ აიხსნა.

ძნელია, ზუსტად ითქვას, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, მათმა რა ნაწილმა შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა და რამდენს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. საზოგადოებრივი მოძრაობის – „საქართველოს ხმა – სამართლიანი არჩევნებისთვის“ – ლიდერი თეიმურაზ შენგელია ამტკიცებს, რომ ხმის მიცემის უფლება რუსეთში მცხოვრებ, სულ ცოტა, 350 ათას ქართველს აქვს. მაგრამ მათ ეს უფლება წაართვეს.