აქტუალური
„ჯაშუში“ გატყდა და ჩვენება მისცა

1-abdala-aqtuua2თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობისთვის“ 2011 წლის ივლისში პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, დაადასტურა  წამების ფაქტი გლდანის ციხეში, სადაც გარკვეული დრო გაატარა.

„უკვე საქვეყნოდ ცნობილ გლდანის ციხეში 15 დღის განმავლობაში ვხედავდი, როგორ აწამებდნენ პატიმრებს, გვერდითა კორპუსში კი მათ ყოველდღე სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ამ ფონზე მივეცი აღიარებითი ჩვენება“, „ განაცხადა აბდალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აბდალაძის გარდა ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ევროპის ფოტოსააგენტო „ERA“-ს თანამშრომელი ზურაბ ქურციკიძე.

ორი დღის შემდეგ მათ ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი, ხოლო საქართველოს შსს-ში განმარტეს, რომ დაკავებულები რუსეთზე მუშაობდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს, ამასთან, აბდალაძემ ყველაზე დიდხანს გაძლო, მისი ადვოკატები კი ადრეც ამტკიცებდნენ, რომ მან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.