თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ბადრიძემ დიპლომატის სტატუსთან შეუფერებელი გამონათქვამისთვის საყვედური მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გასულ კვირას პატიმრების წამების ამსახველი კადრებით შოკირებულმა ემიგრანტებმა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ელჩთან შეხვედრა მოითხოვეს. გიორგი ბადრიძე შეკრებილებთან გამოვიდა და თავს მათ მიმართ არაკორექტული რეპლიკის უფლება მისცა.„ეს უსიამოვნო ინციდენტი იყო. შეურაცხყოფა ელჩსაც მიაყენეს, მაგრამ მან აუცილებელი თავშეკავება ვერ გამოიჩინა და შეურაცხყოფითვე უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მძიმე ემოციური ფონის გავლენის ქვეშ იყო (გლდანის ციხეში არსებული სიტუაციის შესახებ კიდეოკადრების დემონსტრაციის შემდეგ), მიგვაჩნია, რომ საქართველოს ელჩს მეტი თავშეკავება მართებდა. სამინისტრომ ბადრიძეს საყვედური გამოუცხადა“, – აღნიშნა კალანდაძემ.
„არაკორექტული“ – რბილად ნათქვამია. აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს საელჩოსთან აქციაზე ცოცხებით მივიდნენ (ცოცხი ხომ ჩვენთან უკვე ძალადობის სიმბოლო გახდა), ელჩმა შესთავაზა, ისინი ერთ ადგილას გაეკეთებინათ, ანუ ციხის რეალიების კადრები გაემეორებინათ. მაგრამ ის, ალბათ, შოკში იყო.
სხვათაშორის, მეორე დიპლომატი, ბარსელონაში საქართველოს კონსული პაატა პაპუაშვილიც შოკში იყო, მაგრამ კორექტულობა არ დაუკარგავს – თანამდებობიდან წავიდა. „ძალადობის წინააღმდეგ პროტესტისა და უფლებაშელახული ადამიანებისადმი სოლიდარობის ნიშნად ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“, – განაცხადა კონსულმა.