საზოგადოება
მსვლელობა სტუდენტების მხარდასაჭერად

1student-sazzoga3თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. დედაქალაქში აქციები გრძელდება. ციხეებში არსებული სიტუაციის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს დაემატა მოთხოვნა – დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილე, რომლებიც დაკავებულ იქნენ და ადმინისტრაციული სასჯელის სხვადასხვა ვადა აქვთ მისჯილი. ესენი არიან დაჩი ცაგურია, დათო ფაცაცია, დათო ავალიანი, ლაშა მესხია, ბექა ალადაშვილი.

სტუდენტური გაერთიანებების – „ივერიელების“, „სტუდენტური ხმისა“ და „ქართველის“ წარმომადგენლებმა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა წამოაყენეს და იუსტიციის ახალ სახლთან შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაჩი ცაგურიას დაკავებისას პოლიციელებმა სცემეს, რასაც სახალხო დამცველის აპარატიც ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატმა უკვე გაგზავნა შეკითხვა შსს-ში და უფლებადამცველთა დაკავების შესახებ გამოძიების მასალების გადაცემა  მოითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასწრაფოდ უპასუხეს, რომ ცაგურიამ შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მანქანა გააჩერეს, ერთ-ერთ მათგანს ფორმის პერანგი შემოახია და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს „დაიზიანა მუხლი და მიიღო რამდენიმე ნაკაწრი“.

უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ პატიმრებზე ძალადობაში მონაწილე ყველა დამნაშავე არ დაისჯება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აგრეთვე, ბაჩო და დათა ახალაიების, ხათუნა კალმახელიძისა და დიმიტრი შაშკინის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.