სამართალი
თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებიდან ფოტო- და ვიდეორეპორტაჟის აკრძალვის პროექტის განხილვა გადადო.
ახალი პროექტის თანახმად, საარჩევნო უბნებზე გადაღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, ისიც მხოლოდ 5 წუთით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი პროტესტს გამოთქვამს, გადაღება შეწყდება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ცდილობდნენ, განემარტათ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილისთვის, რომ საარჩევნო უბნებზე გადაღების აკრძალვის პროექტი კანონს ეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ. მართალია, ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა აზრები ამ საკითხზე ერთმანეთს არ ემთხვევა და ამიტომ კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა, მაგრამ იმედი იმისა, რომ ცესკო პროექტს მხარს არ დაუჭერს და პრესის მუშაკთა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, მცირეა.