ბიძინა ივანიშვილმა ტრადიციულად წარადგინა თითოეული რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ხაზი გაუსვა, რომ როგორი დამსახურებული ადამიანებიც უნდა იყვნენ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, ისინი დღევანდელ ძალადობრივ რეჟიმს წარმოადგენენ. მისი თქმით, პატიმრებზე ძალადობისა და წამების ფაქტები მმართველი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მხოლოდ ნაწილია და ამ ხელისუფლების დაშლა ძალიან მალე დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილის მთავარმა ოპონენტმა თავის მოწინააღმდეგეს „საქართველოს ჯალათი“ უწოდა.
„მათი პასუხისმგებლობის დღე ახლოვდება, და ეს არის პირველი ოქტომბერი. მათ ამ დღის ეშინიათ, რადგან კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება“, – განაცხადა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგება და სამართლიანი მართლმსაჯულება დამყარდება.
გუშინ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მოსახლეობას შეხვდა.
ივანიშვილის ბლოკი საარჩევნო კამპანიის დასრულებას 29 სექტემბერს გეგმავს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გამართული მასშტაბური აქციით.