პოლიტიკა
თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა სახალხოდ დაწვა თავისი ავტობუსი, ასე ვთქვათ, ისტორიული რელიკვია, „ვარდების რევოლუციის“ ავანგარდი. 2003 წლის ნოემბერში ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მალე საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ამ ავტობუსში ავიდა და სათავეში ჩაუდგა მხარდამჭერთა ავტომანქანების კოლონას, რომელიც წალენჯიხის რაიონული ცენტრიდან თბილისისკენ გამოემართა.
თავისი აქციის კომენტარი მან შემდეგი სიტყვებით გააკეთა: „სააკაშვილმა ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანა და მისი კვალიც კი აღარ უნდა დარჩეს“.ეს ამბავი საზოგადოებამ რეჟისორ დიმიტრი ჯაიანისგან შეიტყო, რომელმაც აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველომ დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს მისი რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებაში.
ჯაიანის ოპტიმიზმი უსაფუძვლო რომ არ არის, ამას კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი მოწმობს, რომელიც 22 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართა.