ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილის გადადგომა ქვეყანას ღირსებას შეუნარჩუნებდა“
თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას მიმართა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრიორიტეტებიც გააცნო. ივანიშვილის განცხადებით, ის, რაც ბოლო დღეებში გავრცელებული ვიდეომასალის საშუალებით საზოგადოებამ იხილა, ბარბაროსობაა.
შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა, გარკვეულწილად, ქვეყანას ღირსებას შეუნარჩუნებს. „ეს არის ბარბაროსობაა, რომელიც XXI საუკუნეში ხდება. ვნახე, ჩვენს საკნებში ჩვენს თანამოქალაქეებს როგორ ექცეოდნენ, მე ძალიან შემრცხვა და განვიცადე. დარწმუნებული ვარ, ასევე განიცადა მთელმა საქართველომ. სააკაშვილს მე 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდი, უფრო სწორად, საქართველოს ვეხმარებოდი, მაგრამ მას ვაძლევდი რჩევებს და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მიმიცია მისთვის. ახალა მე მას ვაძლევ ბოლო რჩევას და ერთადერთ სწორ გზას ვუჩვენებ – რაც შეიძლება სწრაფად, დღესვე თუ გადადგება, ეს იქნება მისთვისვე უკეთესი“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა, გარკვეულწილად, ღირსებას შეუნარჩუნებს ქვეყანას, რადგან ვიდეომასალამ მსოფლიო მოიარა და მთელი ცივილიზებული საზოგადოება შეძრწუნებულია.