აქტუალური
პროკურატურა მოქალაქეებს ემუქრება?!

1-prokur-aqtuuu2თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა მიმართავს ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელთაც აქვს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერი და ამ მასალის პროკურატურაში დაუყოვნებლივ წარდგენისკენ მოუწოდებს.

როგორც  პროკურატურიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 11 მოხელე, რომელთაც ბრალი უკვე წარედგინათ და წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდათ.

„იმისათვის, რომ პატიმრები დავიცვათ ძალადობისგან და დავსაჯოთ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია, გამოძიებას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ. ამიტომ პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელთაც გააჩნიათ წამებისა და არადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში. მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებების წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქინფორმის მკითხველთათვის: პატივცემულო მკითხველებო! ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პროკურატურა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თანამონაწილე იყო საქართველოში მიმდინარე უკანონობის; რომელმაც ჩვენი მრავალრიცხოვანი განცხადების მიუხედავად, არანაირად არ მოახდინა რეაგირება საქინფორმის რედაქციაზე 2012 წლის 5 მარტის თავდასხმის ფაქტზე; რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობით; თავისი ამ ზემოაღნიშნული განცხადებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობას ორწლიანი ციხით?!