აქტუალური
სტუდენტები აქციებს ორშაბათამდე აღარ გამართავენ

1-student-aqtuuu1თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების მიერ დღეს დაგეგმილი სტუდენტთა საპროტესტო აქცია არ გაიმართება.

როგორც თსუ-დან იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსთან, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტთან, უწმიდესსა  და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. სტუდენტები უწმიდესისა და უნეტარესის მოწოდებით დღეს წირვას დაესწრნენ. წირვაზე პატრიარქმა სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და საპროტესტო აქციებისგან თავის შეკავება ურჩია.

„სტუდენტები დავემორჩილეთ უწმიდესის შეგონებას და სამების საკათედრო ტაძარში წირვას დავესწარით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო პატრიარქის აზრი. უწმიდესმა არჩევნებამდე საპროტესტო აქციებისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებობს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის საშიშროება; შესაძლოა, ზოგიერთმა ანგაჟირებულმა ჯგუფმა მოაწყოს პროვოკაციები, შეიჭრას უნივერსიტეტში და უმართავი პროცესები განვითარდეს. პატრიარქმა სტუდენტებს ასეთ რადიკალურ ჯგუფებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება გვირჩია. ჩვენ პატივს ვცემთ უწმიდესის რჩევას, რადგან ჩვენთვის ძალადობის ძალადობით გაპროტესტება მიუღებელია“, – განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ.