საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუში დაინიშნა

1-tuRuSii-sazzooo3თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. ყოფილი სახალხო დამცველი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის.

გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 31 ივლისს 5 წლის ვადით აირჩია. მოვალეობის შესრულებას იგი 2009 წლის 17 სექტემბერს შეუდგა. 32 წლის გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტია, აქვს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება და მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი ტუღუშმა 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, 2001 წელს მიიღო ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვის დარგში. 2003 წლიდან გიორგი ტუღუში გახდა ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) იურიდიული ფაკულტეტის, „რაულ ვალენბერგის“ სახელობის საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის მაგისტრანტი და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში.

1996 წლიდან გიორგი ტუღუში მუშაობდა ჯერ ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ განყოფილებაში, შემდეგ – თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილის თანაშემწედ, ხოლო 1999 წლიდან – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად.

2000 წლიდან გიორგი ტუღუში „ტასისის“ ეროვნული ექსპერტი იყო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დარგში. ამავე პერიოდში მუშობდა საქართველოს პარლამენტში ჯერ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში, შემდეგ – დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად, მოგვიანებით კი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ.

2000-2002 წლებში მუშაობდა ურბანული ინსტიტუტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი მმართველობის რეფორმის პროექტის იურიდიულ ექსპერტად, 2002 წლიდან – „გოპა კონსალტინგის“ (გფრ) ადგილობრივი ექსპერტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ლექტორი გახდა.

გიორგი ტუღუში 2004 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი იყო. მალე მან ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) საქართველოს მისიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის პოზიცია დაიკავა. ეუთოს საქართველოს მისიაში გიორგი ტუღუში 2008 წლამდე მუშაობდა.

გიორგი ტუღუში 2005 წლის 1 დეკემბრიდან იყო ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის კომიტეტის (CPT) წევრი (არჩეული 4 წლის ვადით, 2009 წლის 19 დეკემბრამდე), ხოლო 2009 წლის 25 მარტიდან იგი აღნიშნული კომიტეტის წევრად კვლავ აირჩიეს მეორე ვადით (2013 წლის 19 დეკემბრამდე).

2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (UN CAT) წევრად 4 წლის ვადით.

პარალელურად გიორგი ტუღუში მონაწილეობდა სხვადასხვა რეფორმის მიმდინარეობისას შექმნილი ჯგუფების მუშაობაში და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას არაერთი პროექტის ფარგლებში.

ცნობისათვის: არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ამგვარმა გადაწყვეტილებამ ქართველ საზოგადოებაში დადებითი რეაქცია გამოიწვია, და აქ საქმე ის კი არაა, რომ ამ დროისთვის საქართველოს არ ჰყავს სახალხო დამცველი. სააკაშვილს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა საქართველოს ციხეებში წამების შესახებ, რომ გასცნობოდა საქართველოს ომბუდსმენის წლიურ ანგარიშებს, რომელთაც ბოლო კითხულობდა გიორგი ტუღუში პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში. თვით ტუღუში კი, თავისი სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ გამგზავრებაში ატარებდა და მხოლოდ ფორმალურად შემოიფარგლებოდა თავისი მოვალეობების შესრულებისას – მხოლოდ წლიურ ანგარიშებს წარადგენდა, რამდენადაც მისი კანდიდატურა წამოყენებული იყო მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის მიერ“, რომლის ლიდერიც სააკაშვილია, და მოძრაობა „კმარას“ შემქმნელი თავისუფლების ინსტიტუტიდან, რომელმაც არცთუ მცირე მნიშვნელობის როლი ითამაშა (თუ არა ერთ-ერთი მთავარი!) „ვარდების რევოლუციაში“.