თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. „მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა“, – აცხადებს ბაჩო ახალაია.
თავის განცხადებას ახალაია შემდეგნაირად ხსნის: „მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში“, – აღნიშნავს ახალაია.შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ ზღულაძე ინიშნება შს მინისტრად. ეკა ზღულაძემ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის საფუძველის ჩაყრა, მათ შორის, პოლიციის რეფორმამ და, ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნამ უზრუნველყო ორმხრივი ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მოსახლეობას შორის; ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ემსახურება ხალხს კანონის ასრულების გზით. ეს ნდობა არის, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევა ყველა იმ რეფორმებს შორის, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს, აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ჩვენ შევძელით არა მარტო კორუფციის დაძლევა, არამედ ძალადობისა და წამების რუტინული პრაქტიკის აღმოფხვრა პოლიციაში“.
ძალოვანი უწყების ექს-მინისტრის ამ განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში სიხარულის გარდა, თავისი ცინიზმით აღშფოთება გამოიწვია...