პოლიტიკა
თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, გვიან საღამოს, ინფორმაცია შემოვიდა უკვე შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას მამის – ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ როლანდ ახალაიას მიერ ჟურნალისტების ცემის შესახებ.
ჟურნალისტ ნანა ფაჟავას გადმოცემით, გადამღები ჯგუფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლისკენ გაემართა, რათა ზუგდიდიდან მისი გამგზავრების შესახებ ინფორმაცია შეემოწმებინა და კომენტარები მოესმინა მისი შვილის – ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე.ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ახალაიას სახლთან მათდამი აგრესიულად განწყობილი მეზობლები შეიკრიბნენ. მოგვიანებით თვით მასპინძელიც გამოვიდა. მან მასმედიის წარმომადგენლებს თავხედები უწოდა და მეზობლებთან ერთად მანაც დაუწყო მათ ცემა, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს – ლევან სულაშვილს.
ცნობისათვის: ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა. სად იმყოფება მისი ძმა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია, ჯერჯერობით უცნობია.