პოლიტიკა
სააკაშვილი: „დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელება გაგრძელდება“

1-sokari-poliitik3თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი აპირებენ, ინტენსიური მუშაობა განაგრძონ შემდგომ წლებში დიდი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, დაბა ყულევში, კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „SOCAR“ აშენებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა დაგეგმილ ქარხნებთან ერთად ფოთი ინდუსტრიული ცენტრი გახდება. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში საფუძველი ჩაეყრება ქალაქ ლაზიკას მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე; მისი თქმით, დაგეგმილი ახალი ქალაქი ახირება არ არის და ამ პროექტისთვის საჭირო ინვესტიციები სამ-ოთხჯერ მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. „გარდა ეკონომიკურისა, მას, ასევე, აქვს გადამწყვეტი სტრატეგიული, პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის, საქართველოს დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა მან.

„ეს (პროექტები, – საქინფორმი) არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, არცერთ მთავრობას, ცალკე აღებულს; ეს არის მრავალწლიანი გეგმები. და, რა თქმა უნდა, მუდმივი ამ ქვეყანაზე არავინ არ არის და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ეტაპზე გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს ამ კონკრეტულ საკითხებში – თუმცა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, მათ შორის, მეც, გავაგრძელოთ შემდგომი წლების განმავლობაში ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე“, – განაცხადა მან.

„მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, არცერთ მთავრობას ცალკე აღებულს; ეს კეთდება სრულიად საქართველოსთვის... ეს უნდა იყოს ნაციონალური იდეა, რომ ეს ნაწილი ჩვენი სანაპიროს განვითარდეს... ამ თემებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, როგორი პოლიტიკური ბრძოლებიც არ უნდა იყოს და როგორი საარჩევნო კამპანიებიც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე ხდებოდა“, – დასძინა მან.