აქტუალური
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად“

1-vallander-aqtuu3თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილე სელესტ ვოლანდერმა განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ვოლანდერის განმარტებით, არჩევნებისთვის გამჭვირვალობა წამყვანი პირობაა.

„გამჭვირვალობა წამყვანი პირობაა. მთავრობის ვალია, არჩევნებში ყველა უცხოელ დამკვირვებელს მონაწილეობის საშუალება მისცეს, დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ყველა პირობა. არ უნდა იყოს კითხვები ამომრჩევლის სრულყოფილ სიებზე, სარეგისტრაციო პროცედურებზე, უნდა განმტკიცდეს წესრიგი საარჩევნო უბნებზე, ოპოზიციურ პარტიებს სრული და შეუფერხებელი საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი პროგრამა წარმოადგინონ და მოსახლეობასთან გამართონ შეხვედრები. ერთი სიტყვით, მთავრობას აქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო მოვალეობა, რომ განამტკიცოს კანონი და ყველანაირი პირობა შექმნას არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩასატარებლად. ვაცნობიერებთ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობასაც, რათა მათაც კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო“, – განაცხადა სელესტ ვოლანდერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ნამდვილი შესაძლებლობა აქვს, დაამტკიცოს, რომ ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნება, შესწევს უნარი და ერთგულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპისა.

„სწორედ ამ შესაძლებლობის დამტკიცება წარმოადგენს მოახლოებული არჩევნების ჩატარების საფუძველს. ყველგან – ამერიკაში, ევროპაში – მოუთმენლად ელიან და დიდი გულისყურით ადევნებენ თვალს მოვლენებს. მეც მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ გამოწვევის ან, თუ გნებავთ, ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია“, – განაცხადა ვოლანდერმა.