სახალხო დამცველს ოჯახური ძალადობის ფაქტები აწუხებს...
თბილისი, 20 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციებით მიმართა, რათა გადაიხედოს სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები.
როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია ნათქვამი, აუცილებელია მოხდეს საარსებო შემწეობის შენარჩუნების მიზნით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ გენდერული ძალადობის არსებული ფაქტების დამალვის/უგულებელყოფის ტენდენციის თავიდან აცილება. ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის გარანტიების განმტკიცება; რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია, შემუშავდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის, ასევე, არასამთავრობო სექტორში არსებულ თავშესაფრებს შორის, რათა მსხვერპლის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის ღონისძიებები არ მოვიდეს წინააღმდეგობაში თავად მსხვერპლისა და მისი შვილების სოციალური დაცვის ღონისძიებებთან.