საზოგადოება
საპროტესტო აქციები საქართველოს რეგიონებში

1-aqciebi-sazzzooga2თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსთავის მე-16, მე-17 და მე-6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დილიდან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და დაწესებულებებში არსებული ვითარება საყვირებითა და შეძახილებით გააპროტესტეს. „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ქუთაისში კი №2 დაწესებულებასთან ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. მათ პატიმრების წამების შეწყვეტა და ყველა იმ ფაქტის გამოძიება მოითხოვეს, რომელთაც ადგილი ჰქონდა პენიტენციარულ სისტემაში. აქციას ქუთაისის „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ზუგდიდის №4 იზოლატორთან კი „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რაიონული ორგანიზაციების წევრები და მათი მხარდამჭერები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვეს, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა. აქციას ზუგდიდის რამდენიმე ტაძრის მოძღვარიც შეუერთდა.
იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელიც დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას უშუალოდ გაეცნო.
აქცია ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობით დასრულდა.

ცნობისათვის: გუშინ საპროტესტო აქციები ჩატარდა, ასევე, ბათუმში, ფოთში და საქართველოს უკლებლივ ყველა დიდ ქალაქში.