საზოგადოება
ვიცი - საქართველოს ყველა იზოლატორში იგივე ხდება! განსაკუთრებით – სამეგრელოში

1-xubutia-sazთბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას საგანგებო განცხადებას:

„ქართულ ტელეარხ „მაესტროზე“  შემზარავი კადრები აჩვენეს – როგორ ექცევიან საქართველოში პატიმრებს ციხეებში. ასეთი აბუჩად აგდება და დამცირება გუანტანამოშიც კი არ უნახავთ! ახლა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ტყავიდან ძვრება და ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ციხეებში ამ ქმედებების შესახებ არაფერი იცოდა, ანდა რომ ეს პროვოკაცია იყო. მაგრამ ეს უბადრუკი მცდელობებია, ბევრმა ადამიანმა, ვინც ამ განუკითხაობას შეეჩეხა, აგრეთვე, მათმა ოჯახებმა ხომ მშვენივრად იციან, რომ ყველაფერი, რაც ტელევიზიით აჩვენეს – სრული ჭეშმარიტებაა!

მე პირადად  ვიცი, რომ საქართველოს ყველა საგამოძიებო იზოლატორში აბსოლუტურად იგივე ხდება! განსაკუთრებით – სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში.

და თუკი ქართველი ხალხი ახლაც არ გამოფხიზლდება და ნანახიდან მწარე გაკვეთილს არ გამოიტანს, საქართველოში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება! საქართველოს ხელისუფლება ზედიზედ რამდენიმე წელი ურეცხავდა ტვინს ადამიანებს და ხელს რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობისკენ იშვერდა, აქაოდა, აი, ისინი აკეთებენ ყველაფერს ქართველი ხალხის სულისკვეთების დამცირების და განადგურებისთვისო! ახლა რაღას იტყვიან ეს ქართული ღირსებისა და სიამაყის „გულშემატკივრები“ და მათი დამქაშები? რომ წამება ნამდვილი ქართველის სულის გამოწრთობის საუკეთესო საშუალებაა? თუ ეს დემოკრატიის დანერგვის განსაკუთრებული მეთოდია? ან იქნებ ისევ დაიწყონ უაზრო ჭორების გავრცელება რუსულ ხელზე, რომელმაც ქართულ პენიტენციარულ სისტემაშიც შეაღწია.

ეს ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათ ზუსტად ასეთივე მომავალი ელოდება, რა მდგომარეობაშიც არიან ეს უბედური ტუსაღები დღეს! ვიცი, რომ ამ ბოროტმოქმედთაგან ბევრი სხვადასხვა არხით რუსეთში ჩამოვა და აქ დაემალება მართლმსაჯულებას... მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა, ხაზი გავუსვა:  ჩვენ, რუსეთის ქართველები, ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ვიპოვოთ ისინი და საერთაშორისო სასამართლოს გადავცეთ! მზად ვართ, მათი დაჭერისთვის ჯილდოც კი დავაწესოთ.

ახლა, როგორც არასდროს, ქართველმა ხალხმა დასკვნები უნდა გააკეთოს და თავისივე მომავლისათვის გაერთიანდეს!

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია“