სამართალი
თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა დადგეს მაღალი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად.როგორც დღეს იუწყება საქინფორმი, პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 3 ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „TV 9“-მ გაავრცელეს გუშინ, საღამოს და ღამით, ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერ. მასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირობა დადო, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ ფაქტებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ამ უკანასკნელმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გათავისუფლება და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვა.