სამართალი
თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველის აზრით, სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის №8 დაწესებულებაში მუშაობდა და სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას აგრძელებს.
გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს მიმართავს, „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ასახულ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღონისძიებები იქნეს გატარებული. „2012 წლის 18 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა ცემის ფაქტები. ვიდეოჩანაწერზე, სავარაუდოდ, ასახულია გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიღებისა და განაწილების პროცესი, რა დროსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები პატიმრებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ამავე დღეს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვებაში „ახალი 9“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები. ასევე, გავრცელდა მორიგი ვიდეოჩანაწერი, სადაც პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტებია ასახული. ჩანაწერში ნათლად ჩანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც პატიმრის მიმართ უკანონო მოპყრობაში უშუალოდ მონაწილეობს. აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, არის ვინმე ოლეგი, რომელიც როგორც უფლებადამრღვევი მოხსენიებულია სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სადაც შესაბამის უწყებებს მოვუწოდებდით, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე რეაგირება მოეხდინათ. გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა. ჩვენ ამ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რაც მსგავსი დანაშაულის წახალისების სტიმულად იქცა. მივიჩნევ, რომ გავრცელებული კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას ადასტურებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა თანხმობის (მათ შორის, მდუმარე თანხმობის) გარეშე, მსგავსი ქმედების ჩადენა შეუძლებელია. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ გამოძიებისას უნდა დადგეს დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას გამო. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და ბრალდებულთა იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღონისძიებები დროულად გატარდეს. ამავე დროს, მივიჩნევ, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის №8 დაწესებულებაში მუშაობდა და სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას დღესაც აგრძელებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.