პოლიტიკა
პრეზიდენტის საგანგებო განცხადება გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით

1-sagangebo-pollitika2თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გლდანის №8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია.

„ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც, სამწუხაროდ, ყველამ ერთად ვიხილეთ. იმისთვის არ გვიბრძოლია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციარულ სისტემაში ვინმე კრიმინალური სამყაროდან აფათურებდეს ხელს ან პენიტენციარული სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში. ის, ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გაატარებს ციხეში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ახალი საქართველოს მთელი იდეა არის გამიჯვნა იმ ძალადობისგან, რაც წარსულში ხდებოდა დამნაშავეებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

„ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან და არ მოვითმენ, რომ რაიმე ფორმით ახალ საქართველოში ეს ხელახლა განმეორდეს. დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, გამოიყვანონ სააშკარაოზე და ჩვენს საზოგადოებას სრულად წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ სამართლიანად ითხოვს პასუხს სახელმწიფო ორგანოებისგან. პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც ნამდვილი მაფიის წევრებივით მოქმედებენ. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ყველას აქვს უფლება სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის, ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის, სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებით. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის: პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 3 ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „TV 9“-მ გაავრცელეს გუშინ, საღამოს და ღამით, ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერ. მასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.