პოლიტიკა
ივანიშვილი: „მსოფლიო საზოგადოებას ფეხზე დავაყენებ, რომ თამაზაშვილს არაფერი ავნონ!“

1-cixe-ppolitii1თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისი თანაგუნდელის – თამაზ თამაზაშვილის (რომელსაც ხელისუფლება გლდანის ციხე №8-ში წამებების ორგანიზებაში ადანაშაულებს) – საკითხის კომენტირებისას განაცხადა: „მე ფეხზე დავაყენებ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რათა თამაზ თამაზაშვილს არაფერი ავნონ!“.

კოალიციის ლიდერის თქმით, პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი მისი ახლობელია და მასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

„თამაზ თამაზაშვილი ჩემთვის ძალიან ახლობელია. ის წლებია, ჩემთან თანამშრომლობს. ახლა მისთვის ახალ ავანტიურას აწყობენ. მე ხვალ ფეხზე დავაყენებ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რათა არაფერი ავნონ ამ ადამიანს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა თამაზ თამაზაშვილი რომ ფიგურირებს, ამის შესახებ შს სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ნიკა კობახიძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.

ამ ეტაპზე გამოძიების ხელთარსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად – თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ ფირზე ასახული ფაქტის გარდა ჩადენილია სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

შსს-ის ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს პატიმართა ცემის ამსახველი ვიდეომასალის ნაწილი გადაეცათ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს შედარებით მსუბუქ მასალას იმასთან შედარებით, რასაც გამოძიება ფლობს.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეოს ბავშვებისათვის ჩვენება რეკომენდებული არ არის. ამასთან, ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან პირად საუბარში განმარტა, რომ თამაზ თამაზაშვილის აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმა, სავარაუდოდ, ემსახურება ხელისუფლებისა და სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას, თუმცა ამის მიზეზს გამოძიება მომავალში დააზუსტებს.

აქვე შევნიშნავთ, რომ ხელისუფლების ოფიციალური ვერსია ნაკლებდამაჯერებელია, რამდენადაც პატიმარი თამაზ თამაზაშვილი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის საქართველოს შსს-ის ყოფილი მაღალი ჩინია, ვერ შეძლებდა ამდენი პოლიციელის – ციხის თანამშრომლების – მოსყიდვას. თამაზ ელიზბარაშვილი კი საერთოდ უარყოფს მის კავშირს ზემონახსენებ ფაქტებთან. ელიზბარაშვილის სიტყვებით, მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეინარჩუნა კავშირები გლდანის ციხის პატიმრების ნაწილსა და რამდენიმე თანამშრომელთან, რადგან ისინი პატიოსანი ქართველები არიან.